Monday, October 20, 2008

ლეჩხუმური მეფუტკრეობა



მეფუტკრეობა


ფუტკრის ოჯახში ბუდობს დედა ფუტკარი, მამა ფუტკარი, მუშა ფუტკარები, დედა ფუტკარი სკაში ერთადერთია და მას განსაკუთრებით ,,სცემენ პატივს.” ამ პატარა მწერს თავის ცხოვრებისეული კანონი აქვს,-ერთ ოჯახში ორი დედა ფუტკარი ვერ თავსდება. ,,ორი დედო რომ აჩნდება, ერთად ვერ თავსდება,” ორი დედო ერთ ოჯახში არ ჩერდება, გამოვლიან ცალკე და იქვე ხეზე შეეხოვიან შტოზე.” ის იმითაც განირჩება სხვა ფუტკრებისაგან, რომ ცალკე შესავლელი აქვს სკაში, რომლითაც ვერც ერთი სხვა ფუტკარი ვერ ისარგებლებს. ,,ღოფირას ჭურჭუმალები აქვს, თავის შესავალი აქვს დედა ფუტკარს.” დედა ფუტკრის ფიჭა თითქოს უფრო დიდოცაა, ის ცალკეა გამოყოფილი და ფორმის მოყვანილობითაც განსხვავებულია სხვა უჯრედებისაგან, მას ,,ფუტკრის ძუძუს’ ეძახიან. ,,დედოს გამოსაყვანი აქვს ცალკე, ფუტკრის ძუძუს უძახიან იმას, სადედე ფიჭაა, განსაკუთრებული ფორმა აქვს, ძუძუს მოყვანილობის.” მამა ფუტკარის ზარმაცია, მას თაფლის შეგროვება არ შეუძლია. თაფლის შემგროვებელი გახლავთ მუშა ფუტკარი. ,,მუშა ფუტკარს მოაქვს თაფლი.” ,,მუშა ფუტკარი ფიჭაში არ ძვრება, გარედან არის შემოსეული და აგროვებს თაფლს.” ,,მუშა ფუტკარი უსქესო ფუტკარია, რომელიც თაფლს აკეთებს. ნორმალური ფუტკრის ოჯახი შედგება: ერთი განაყოფიერებული დედისაგან, რამდენიმე ათასი მუშა ფუტკრისაგან და მამალი ფუტკრებისაგან”. (ქეგლ). ფუტკარი იცავს ოჯახს გარეშე მტრებისაგან. ამიტომ სკასთან ყარაულები ჰყავს. მათ ყარაულ ფუტკრებს უწოდებენ. ,,ყარაულები ყავთ სკის დამცველად ფუტკრებს.






ფუტკრის სახელწოდება

ფუტკარს ლეჩხუმში ბუზული ჰქვია. ,,რო გაზაფხულდებოდა იყრიდა ბუზული.” ეს პატარა მწერი მეტად შრომის მოყვარეა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალხის რწმენით ,,ბუზულმა ზღვის წყალი თუ არ მოიტანა, თაფლი არ გაკეთდება.”
ფუტკრის აღმნიშვნელად ბუზული გვხვდება ლეჩხუმურ მასალებში. ,,ღოფირას ქონდა დატოვებული ბუზულის სასულე.” (შიანმრეწვ; ტ IV ნაწII გვ28) საინტერესოა ამ სახელწოდების ძირისეული ფორმის დაძებნა. ჩაფიქრებულია რომ ეს სიტყვა სვანური ენიდან იყოს შემოსული ლეჩხუმურ დიალექტიკაში. სვანეთში ეძახიან ,,თვით ფუტკარს ღობის, სკის ლაღბა-ბუზ-უღა-ს; დედალს-დი ბუზ-ული; მამალს-ყვინჩ (ყოჩ) ბუზ-ულს; მუშა ბუზს- მიშა ბუზ-ულს, არა მუშა ფუტკარს კი ეძახიან ულს”(შიანმრეწვ; ტ IV ნაწII გვ29).
მ. ალავიძის ახსნით ბუზულა არის ,,ბუზუნა, ბუზი”(მ.ალავ.-1) ხევს ბუზურა თაფლს აკეთებს, მაგრამ კლდეში , ოჯახი არა აქვს(ალ. ჭინჭარ).
სხვა ქართულ დიალექტებში, კერძოდ ფსაურსა და მთიულურში თაფლის გამკეთებელი მწერს ბუზურა ჰქვია. ,,მწერი, რომელიც მიწაში აკეთებს თაფლს.’’
,,ბუზურა ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო”(ი.ჭყონ). ,,ბუზი”(ლ. კაიშ). (ალ.ღლ). ,,ბუზურები ბზუოდნენ მრავალსა, განა ცოტასა.”(ქეგლ).
ბუზულს ლეჩხუმში ბუზსაც უწოდებენ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ფუტკართან. ის არის ,,შავი მწერი”(საბა) ,,მუზი ფურსი ყადიმას ენითა, ე.ი. ძველის სპარსული ენითა.”(თ. ბაგრატ.)
ამ პატარა მწერმა ისიც კი უნდა იცოდეს, ამა თუ იმ მცენარის ნექტარი რა დოზით მიიტანოს სკაში ,,ბუზულმა იელის ყვავილი თუ ბევრი შეზიდა, თაფლი მწარეა, ცოტა კი აუცილებლად უნდა შეზიდოს.’’
ზარმაცებს ვერ იტანენ, ამიტომაა, რომ ხშირად ხოცავენ მამრ ფუტკრებს, შიგნით მოკლავენ და გარეთ გამოყრიან პატარა საცეცებით.’’

ფუტკრის გამრავლება

ფუტკრის გამრავლება ყრა ეწოდება. ,,რო გაზაფხულდებოდა იყრიდა ბუზული”.
ეს სიტყვა გურულ დიალექტზეც ამავე მნიშვნელობით იხმარება. ,,ყრა ფუტკრისა- სკიდან მართვის გამოსვლა.”(გ. შარაშ) მაგრამ ლეჩხუმურ დიალექტში მაინც განსხვავებული ფორმაა. აქ ამ სიტყვაში (ყრა) ნაგულისხმებია უჯრედებში მწერის მიერ კვერცხის ჩადება- კვერცხის გაყრა. ამ კვერცხიდან გამოსვლას ბარტყობა ეწოდება. გამრავლებისას სკაში რჩება ერთი დედა ფუტკარი, დანარჩენი კი მამრი და მუშაა,მეორე დედა ტოვებს სკას, მასთან ერთად მიდიან მომრავლებული მუშა და მამრი ფუტკრებიც. ამ დროს მეფუტკრეს მეტი ყურადღება მართებს, უნდა იმარჯოს, რომ არ დაკარგოს ახალი ოჯახი. გამრავლებულ ფუტკარს ახალი ბინა უნდა შეაგებო, თორემ გაფრინდება და დაიკარგება.

ფუტკრის სახლი

ფუტკრის სახლის თანამედროვე სახელი ,,სკა” თითქმის ყველგან საერთოა, მაგრამ განსხვავებულ ფორმას აქაც ვხვდებით. უცხერში ამ სიტყვით ახლად გამართული ხის ყუთი მოიხსენიეს, რომელშიც ჯერ ფუტკარი არ არის დაბინავებული. ,,სკა ფუტკრის ცარიელი ხის სახლია.” ქეგლში ეს სიტყვა ასეა ახსნილი ,,საგანგებოდ გამოთლილი ყუთი ან გულამოთლილი მორი ფუტკრის დასაბინავებლად.”
,,როგო გეჯა”. იმერულ და გურულ დიალექტზე კი ეს სიტვა იხმარება თვითონ ფუტკრის სახელად (ქეგლ) ლეჩხუმშიაც ფუტკარს სკას ეძახიან. ,,სკა რომ იყრიდა, იმ ლოცავ კაცს არ უკბენდა”(შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებზე, ხევსურისათვის, მთიულისათვის და მოხევისათვის ეს არის , ,,,პირუტყვის ტვინზე გადაკრული აპკი.”(ალ. ჭინჭ. გვ.239) აგრეთვე ,,კვერცხის აპკი, ცილასა და ნაჭუჭს შორის მოთავსებული სიფრიფანა კანი.”(დიალექტ. გვ. 563).ეს იმიტომ რომ უჭაც აპკებისაგან შენდება.
დღნორიში ფუტკრის სახლს ბიკვი ეწოდება. ეს არის გამოლილი, გულამოჩეხილი ხის მორი ,,ამ ბიკვს ბაჯგები აქვს და იმაზე დგას.” ,,გაქცეულ ბუზულს ბიკვი უნდა შეაგებო, კინწიანად ჩასვამ ბიკვში.’’
ეს სიტყვა ლექსიკონებში როგორც ფუტკრის ბინა ისეა ახსნილი. ,,ბიკვი-ბუკი, ფუტკრის ბინა. ცაცხვის ხის შორის (ერთ მეტრს) ორად გააპობდნენ, ამოთლიდნენ და ერთმანეთზე დადგამდნენ.”(მ. ალავ. ლეჩხ. გვ. 142; მ. ჩიქვ.)
ამ ამოჩეხილ მორს გეჯაც ჰქვია. ,,ადრე გეჯაში ყავდათ ფუტკარი,” ,,გეჯა მრგვალი ხეა, შუაზე გადაჭრილი, სადაც ბუდობდა ფუტკარი.” გეჯა ქიზიყურ დიალექტზეც ფუტკრის სახლის სახელწოდებაა. ,,გეჯა=ბუკი, შუაზე გაპობილი მორის ორსავე ნახევარს გულს ამოუღებენ და ერთმანეთზე დადებულს ფუტკარს უდებენ სკას”(ს. მენთეშ).
,,გეჯა (გეჯისა)=მორი, რომელსაც გული ამოთლილი აქვს და იხმარება ცხოველების სასმელი წყლის (საჭმლის) ჩასასხმელად, სარეცხის გასარეცხად, სკად.”(ქეგლ).
ქვედა საირმეში ამოჩეხილი მორი ორკეპ-ად გამაცნეს. ,,რო გაზაფხულდებოდა, იყრიდა ბუზული, ორკეპი ქონდათ და ჩაატენებდნენ იმაში, დადგამდნენ და მიუმატებდნენ.” ორკეპს ისე დაგმანავდა ფუტკარი, რო წყალი არ ჩავიდოა შიგ.” ეს სიტყვა დიალექტურ ლექსიკონებში არ ჩანს. აქ კი მას განაყარი ფუტკრის დასაბინავებელ ნივთის სახელად იხსენებენ.
თაბორში ამოეხილი მორი ორიკად და როფად მოიხსენიეს. ,,ორიკა-ფუტკრის სახლი, ძველებური ორიკა-როფი. გრძელი ორიკა შუაზე დახეთქილი მორი, ზევითა ქვევითას ეხურება, ორიკა არის ერთმეტრიანი ამოეხილი მორი.”ლექსიკონებში ორიკა ასეა ახსნილი ,,არყის გამოსახდელი ხელსაწყო, როფი”(მ.ალავ.1) ,,არყის გამოსახდელი გრძელი როფი, რომელშიც გადის ქვაბის ხუფიდან გამომავალი მილი, ორიკაში ცივი წყალია.”(ალ.კობახ.). განსხვავებული ფორმა აქვს ამ სახელწოდებისა გურულ დიალექტს: ,,ორე” ერაც ასეა ახსნილი; ,,დიდი ვარცლი(გ. შარაშ).
,,ამოჭრილი მორი ხისა, ან ფიცრისაგან შეკერილი წყლის ბაკი, არაყის გამოხდის დროს ხმარობენ”(ს.ჟღ). ,,საძაღლე ჭურჭელი’ (საბა) ,,გობა ძაღლისა”.(დ.ჩუბ; ნ. ჩუბ). მათში ორიკა//ორე ასად არაა მოხსენებულ;ი ფუტკრის ბინად.
როფი იხმარებოდა როგორც ფუტკრის სახლის აღსანიშნავად, ასევე სხვა ნივთის გამოსახატავად. ,,ფუტკრის ბინას ძველად როფს ვეძახდით.’’(შინამრეწვ. ტ.IV ნაწIII გვ.27). ამოთლილი ან ფიცრებისაგან შეკრული ხის დიდი, პირღია ჭურჭელი, გეჯა”(ქეგლ). ,,როფი-გეჯა, ფიცრის ან გულამოღებული მორის გრძელი ყუთი, რომელშიაც წყალი ასხია შიგ გაყრილი მილის გასაცივებლად არაყის გამოხდისას.”
(ივ. ქავთარაძე-,,მას იმერ. ლექს”-ქართვ. ენ . სტრ. საკ. ტ.III,გვ.146)
ლაილაშში სკას ღოფირა უწოდეს. ,,ღოფირა ფუტკრის სახლია;თითო მეტრიან ხეს ამოჭრიდნენ, ყავრით გადახურავდნენ, ქვეშ გაუკეთებდნენ მიწაზე რომ არ მდგარიყო.”
ქვედა საირმეში ის გამოიყენება განაყოფი ფუტკრის დასაბინავებლად. ,,უცეცხლურ თაფლს მოასხამდნენ ღოფირაზე და ჩადგამდნენ ფუტკართან’. ,,ღოფირა, რომელსაც უდგამდნენ ფუტკარს, როცა იყრიდა;” ,,ახალ ნაყარ ფუტკარს უდგამდნენ თაფლიან ღოფირას.’
ეს სიტყვა ზედა საირმეში ველური ფუტკრის ტყიდან წამოსაყვან საშუალებადაა ნახმარი. ,,ტყეში რომ იპოვიდნენ ფუტკარს, სახელდახელოდ გამოთლიდნენ ჯირკს, ამოარღმავებდნენ, ფუტკარს შერეკავდნენ შიგ და წამოიყვანდნენ იმით შინ, აი, ამას ვუძახდით ღოფირას.’
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ღოფირა ასეა ახსნილი: ,,ღორების საჭმლის ჩასაყრელი, გეჯა”. ამ სიტყვას უწოდებენ, როფსაც”.(მ. ალავ-1)
ღოფირა გვხვდება ლეჩხუმურ მასალებშიც. ,,ფუტკარი ღოფირაში გვყვავდა, ღოფირას ბიკვსაც ვეტყვით. მარჯვე ხეს ავიღებთ და ამოვტოხამთ, ამოვღარავმთ კაა, ერთ ძირს დავდგამთ და მეორეს წამოვაფარებთ თავზე, ისე რომ, თლათ არ მიუჯენთ პირებს, თვარა დეიღუპება, ამოიგუდება უაერთოთ’’(შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
ღოფირა ფორმით არის მოგრძო და ოთხკუთხედიც, აქვე ამავე მასალებში ფუტკრის სახლის კიდევ ერთი სახელწოდებაა ,,ღოფი” (შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
ეს შინაური ფუტკრის საცხოვრებლის სახელია. ტყეში კი ,,ან უღუროში და ან ჯირკში უნდა ეძებო ბუზული” ესეც ორი ახალი სახელი ფუტკრის სადგომისა-ფუღურო და ჯირკი.
ქართულ ლექსიკონებში ჯირკი ახსნილია ,როგორც კუნძი (ქეგლ); ,,კუნძი დასაწვავი (საწვავი)”(საბა); მაგრამ გურულ დიალექტში ეს სიტყვა იხმარება ჯორკოს, პატარა დასაჯდომი სკამის მნიშვნელობით (ალ. ღლ.)
ჯირკი დაძველებული მორია, რომელშიც ცარიელი ადგილი თუ ნახა ფუტკარმა, ბინად გაიხდის.
,,ბაბუაჩემმა კლდეშუა (ადგილია) ნახა ჯირკი. ჯირკში ფუტკარი იყო. საღამოს რომ შელაგდა ყველა, ამოლესა აყალო მიწი, წამოიღო სახლში და გაამრავლა სკა.’’
,,ფუღუროც” ტყეში გაუხდია ფუტკარს ბინად. ,,ბაბაჩემი ფრჩხილას მოსაჭრელად შესულა ხეზე, უნახავს სკა ფუღუროში, დასევია ფუტკარი, დაუსევია თავპირი და გადმოუგდია.”
გადანაკაფიც ფუტკრის სახლია,ისიც ტყეში უნდა ვეძებოთ. გამხმარი გაფიტული ხე რომ გადატყდება, შუაში ცარიელი ადგილი გამოჩნდება, რომელსაც ფუტკარი იყენებს ბინად. დამდგარი მორივითაა. ,,განაყოფ ფუტკარს თუ პატრონი არ გამოუჩნდა, ტყეში მიდის და იქ იპოვის გადანაკფს და იმაში ჩეიბუდებს,” ,,შინაური ფუტკარი რომ გაიყრება და გაიპარება ტყეში, ის ჩაიბუდებს გადანაკაფში.”
საბოლოოდ დავსკვნი, რომ ამ პატარა კუთხეში მარტო ფუტკრის სახლის თერთმეტი სახელწოდება აღმოჩნდა: 1) სკა; 2)ბიკვი 3)გეჯა; 4)ღოფირა; 5)ორკეპი 6)ორიკა 7)როფი 8)ღოფი 9)ჯირკი 10)ფუღურო; 11)გადანაკაფი/გარდანაკაფი.
ამათგან ორკეპი, ორიკა და გადანაკაფი ფუკრის ბინის სახელწოდებად სხვა დიალექტებში საერთოდ არ შემხვედრია, დანარჩენებს მეტწილად, სხვადასხვა ფორმით, განსხვავებული ნიშანთვისებებით იცნობს სამეცნიერო ლიტერატურა და არა ფუტკრის ბინად.
ფუტკრის სახლი პირდაპირ მიწაზე არ იდგმება, მას დაბალი ფეხები აქვს შედგმული, რომელთაც ლეჩხუმში ბაჯგები ეწოდებათ. ის გამოთლილია ხისაგან. ამ ბიკვს აქვს ბაჯგები და იმაზე დადგამ, რომ ბაყაყი ან თაგვი არ მივიდეს.”
,,ბიჯგები არის დაბალი ბოძი”(მ.ჩიქ) ხოლო გურულ და იმერულ დიალექტზე ბოძი, ბურჯი, სვეტი’’(ალ.ღლ) ამ ბოძებს სკიბაჯგსაც უწოდებენ. ,,სკიბაჯგი-სკის ბარჯგ-ი, საფუტკრის ბოძი”(მ. ჩიქ)
ზოგჯერ კი ბაჯგების ნაცვლად ქვებსაც შეუდგამდნენ.
ამ სახლებს პატარა ხვრელები აქვს, რომლითაც ფუტკარი შედის შიგ. ამ ხვრელებს ჭურჭუმელები ჰქვია.
,,ღოფირას ჭურჭუმელები ,,დაბუღლული (დაბურღული) იყო ბურღით პატარებზე და შედიოდნენ და გამოდიოდნენ შიგ ბუზულები”. ,,ხის ღოფირებში გვყავდა ფუტკარი, თავსახურავი ქონდა მორგებული, მორგვივით ხე იყო ამოტეხილი”(ამოტეხილი).
ამ პატარა ჭურჭუმელებს შესავალიც ეწოდება. ,,თავის შესავალი(შესასვლელი) აქვს ყველა დედა ფუტკარს”.
ფუტკარი ცდილობდა, თბილად ჰქონოდა ბინა, ამიტომ ზრუნავდა ზამთვრისთვის და ჭურჭუმალებს ამოლესვდა სკის მიწით. ჭურჭუმელები//ჭურჭუმალები
სკის მიწა-ფუტკრის მიწა, ,,ამით ამოლესავს ის ჭურჭუმალება.”
ჭურჭუმალებს ანუ ხვრელებს თაბორში სვრიტინებსაც უწოდებენ. ,,სკა მიწა შავი სანთელივით სქელი მასა, ამით გმანავს სვრიტინებს.”
ლეჩხუმურ დიალექტიკაში სიტყვა-შელაგდა, ნახმარია დაბინავების მნიშვნელობით. ,,საღამოს შელაგდა ჯირკში ყველა, ამოლესა აყალო მიწით, წაიღო სახლში და გაამრავლა სკა.”
ცუდი ამინდი ფუტკარს არ უყვარს ასეთ დროს სკიდან არ გამოდის. ,,წვიმისა და ქარში ფუტკარი დაბუდებულია.’’ გამოვა თუ არა მზე, ისევ იწყებს ყვავილებში ფრენას. ასეთ დღეს წყალთან გათამაშებაც უყვარს, თითქოს და ბანაობს კიდეც, წყალს დაწაფებული დიდხანს ეთამაშება წვეთებს. სწორედ ასე მოქმედებაზე ამბობენ: ,,წყალში იკუპება ბუზულიო”. ,,წყალს მიეკუპა ბუზული”. ამ სიტყვას ლეჩხუმელები ასეც ხსნიან: ,,იკუპება-ლევს, სვამს.” ,,წყალში იკუპება ბუზული”-,,წყალს სვამს ფუტკარი.”
ეს სიტყვა საბასთან ასეთი ფორმითაა გადმოცემული ,,კუპვა’’, შინაარსიც სულ სხვა მნიშვნელობისაა, ,,ბაგეთ მოკრება. მტირალის ყმართაგან ტირილის გამოუჩინარობისათვის პირის მარება და ბაგეთა ძვრა. მოტირალის მისაგან გამოუჩინრად პირის არება.”(საბა)
მინდორში ყვავილებზე მოფარფატე ფუტკარი თუ დაინახეს, იტყვიან ,,ბალახებს აჯდია ბუზულიო.”

თაფლის ამოღება

სკიდან თაფლს ამოღებას დახილვას უწოდებენ. ,,შემოდგომაზე დახილავდნენ ფუტკარს”. სკაი ,,იმდენს დაოუტოვებდნენ ფუტკარს თაფლს, რამდენიც ზამთრისთვის ეყოფოდა”.
,,ნატური რომ გამოვიღო, ხელით ვჭუტნი, ისე ციბრუტით ვიღებ” ნატური //ნატურალური (ლათ ბუნებრივი), ,,ნატური სუფთა თაფლია, პირდაპირ სარაჯიდან გადმოწურული.”
ციბრუტი კი სარაჯიდან თაფლის დასაშორებელი ხელსაწყოა. ,,ციბრუტს მე ქე ვინ მომცემს, იაშიკივთაა, რგვალი, იმაში ჩადგმულია ბორბალივით რკინები-ფირფიტები. იმ ფირფიტებში ჩადებ რამკას და ჭინტავს (წურავს) იქიდან გამოდის თაფლი, იწურება და გამოსავალი აქვს თაფლს. თაფლი წმინდა ნატური დარჩება რამკაში. ციბრუტიდან გამოყვანილ რამკას ისევ ფუტკარს ჩოუდგამ ბინაში და გაასუფთავებს თვითონ.”
ციბრუტი ასეა ახსნილი ქეგლში: 4) მეფუტ. ფიჭიდან თაფლის გამოსაწური ცენტრიფუგა-ოთხჩარჩოიანი ციბრუტი.”
გამოსავალს კი იმ პროცესს უძახიან, როცა თაფლი ჩამოდის უჯრედებიდან შესაგროვებლად, უფრო სწორად ბარაქა, შემოსავალი.
რამკა რუსულიდან დამკვიდრებულა, მისი ქართული შესატყვისია ჩარჩო; არის ოთხკუთხედი ფიჭა. ,,რამკის გასუფთავების შემდეგ იმას, რაც დარჩება ფიჭა, წყალს ვასხამ და წამოვადუღებ. მივიღებ თაფლწყალს, იმით ვაკეთებ ფელამუშს, ხოგ ჩურჩხელებს ვუსობ სირბილისათვის.”
იციან თაფლის ადუღება და ისე შენახვა. ასეთ თაფლს ნაცეცხლურს ეზახიან. ,,თაფლს ადუღებდნენ და ნაცეცხლურს უძახოდნენ. ნაცეცხლურს გაწურავდნენ და ყიდნენ.’’
იმ თაფლს კი, რომელსაც სკიდან იღებდნენ, სარაჯიდან წურავდნენ-უცეცხლური ეწოდება.
,,უცეცხლურ თაფლს მოასხამდნენ ღოფირაზე და ჩადგამდნენ ფუტკართან.’’
დახილვისას პირამდეს იკეთებენ და საბერველით უბერავენ კვამლს, ფუტკარი აღარ იკბინება, ცალ გვერდზე მიდგება და ამოაცლი სარაჯას. ,,ამოღებას დახილვას ვეტყვით (შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
დახილვა ზამთარშიც იცოდნენ, დიდი ყინვების დროს, როცა ფუტკარი ვერ მოძრაობს და არ იკბინება, მაგრამ ამ დროს ბევრი ფუტკარი იღუპება გადაყვანისას და არ შეიძლება გახილვა.

ფუტკრის ჭუჭყი

ფუტკრის ჭუჭყს წურწუმალას ეძახიან, ის შავი ფერის მასაა, ,,ბუზულების წურწუმალა გადნება”.
ფუტკრის მიერ ამზადებული ეს შავი წებოვანი სითხე სხვა სახელითაც გვხვდება ლეჩხუმურ მეტყველებასი. ქვედა საირმეში მას შავ ფისს ეძახიან. ,,ფუტკრის შავი ფისი, იმით გმინავს ფუტკარი სკას, რომ არაფერი შევიდეს შიგ.’’
,,დინდგელი ფუტკრის მიწაა, ჭუჭყი, ზამთრისთვის ამით ავსებენ ზოლებს, რომ სიცივე არ შევიდეს სკაში.’’
დინდგელი გამოიყენება ხეხილის მყნობისას, წებოვანია, ფერი შავი აქვს, წყალს არ ატარებს. ,,სკი მიწას იყენებდნენ მცენარის ნამყენის გაკეთებისას.”
დინდგელი ქელში ასეა ახსნილი: 1),, სკის შავი ცვილი.” იმავე უცხერში დინდგელს ფუტკრის მიწასაც უწოდებენ. ,,დინდგელი ფუტკრის მიწაა.’’დღნორისშიკი სკი მიწადაა ცნობილი. ,,სკი მიწა-ფუტკრის მიწაა, ამით ამოლესავს ის ჭურჭუმელებს.’’
,,ზამთარში თავად გამოაკავებდა სკიმიწითო ბუზული’’(შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
,,სკი მიწა შავი სანთელივით სქელი მასაა, ამით გმანავს სვირიტინებს იაშიკში ბუზული.”


სანთლის დამზადება

სანთელს სარაჯისაგან აკეთებენ. სარაჯას იმ უჯრედებს უწოდებენ, რომელშიც ფუტკარი თაფლს აგროვებს ,,წამოადუღებდნენ სარაჯს და ორჯერ, სამჯერ გადაწურავდნენდა გააკეთებდნენ სამთელს”(სანთელს).
სარაჯა ლაჯანაში თაფლით სავსე უჯრედებია, თაფლგამოცლილი კი ფიჭაა.,,თაფლს სარაჯაში აკეთებს სარაჯაში კი თაფლია-თაფლიანი ფიჭაა”.
თაბორშიც თაფლით სავსე ფიჭა მოიხსენიეს სარაჯად. ,,სარაჯა თაფლანი რომ არი, იმას ჰქვია.’
ფიჭა გამომშრალი, თაფლისაგან დაწმენდილი უჯრედებია. ,,ფიჭა არის დახვრეტილი, ორონდ შიგ თაფლი აღარაა, მშრალია და იმიტომ ეძახიან ფიჭას.”
უცხერში თაფლგამოცლილი სარაჯა და ფიჭა ჩენჩია, მაგრამ ეს ჩენჩი დამუშავებული მასაა. ,,თაფლგამოცლილი სარაჯა და ფიჭა ჩენჩია, მაგრამ ეს ჩეჩი დამუშავებული მასაა. ,,თაფლამოცლილი ფიჭას აჭუტიდნენ(აზელდნენ კარგად), ჩაყრიდნენ ქვაბში და აადუღებდნენ. თავზე მორთმეულ მასას ამოიღებდნენ, აი, ამას უძახიან ჩენჩს.
ლექსიკონში სარაჯა 3) იგივეა რაც ფიჭი (ქეგლ) ფიჭა კი ფუტკრისაგან გაკეთებული ცვილის უჯრედებია, თაფლის დასაგროვებლად და კვერცხების დასადებად”(ქეგლ).
,,სათაფლეთ დამაგრებული აქვს ფიჭა. ფიჭა ხომ იცი, პატარა-პატარა თვალები რომაა, ე, იმაში, რომელშიც ბარტყობს და რომელშიც თაფლს ასხამს (შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
ჩენჩი ლექსიკონებში ახსნილია როგორც ,,მარცვლეულის ბუდე, კანი, ნაჩენჩი, ხეჭბი”(ქეგლ) ფუტკრის ფიჭიდან მიღებულ მასას რომ უძახიან, არ არის აღნიშნული.
ცალკე ცარიელი ფიჭაც არის ფუტკრის ოჯახში, რომლის ამოვსებასაც ვერ ასწრებს, ამოუღებელი უჯრედები შავდება, მას შავფიჭა ეწოდება.
ფიჭას გადადნობისას გამოიყოფა ბუზულების ჭუჭყი წურწუმალა, რომელსაც ცალკე გადავადნობთ, ეს შავი მასა რომ გადნება, დარჩება ხრელები-რომელსაც ხვრიტიმალები ეწოდება. ,,ბუზულების ჭუჭყი გადნება, დარჩება ხვრიტიმალები.”
ლეჩხუმურ მასალებში კი ხვრიტიმალები ახსნილია, როგორც სკაში ფუტკრის შესასვლელი და სასულე ხვრელები. ,,იმ შესაძრომებს სასულეს ვეტყვით და სათვალეებსაც, ისე ვეტყვით ხვრიტიმალები. ,,იმ შესაძრომებს სასულეს ვეტყვით და სათვალეებსაც, ისე ვეტყვით ხვრიტიმალებიო”(შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.28).
ორკეპ ჯოხს ხმარობდნენ მაშინ,როცა უნდოდათ ტომრიდან თაფლის ჩამოწურვა, ეს არის ორპირიანი ჯოხი, შეტყუპებული პირიანი ,,ორი ადამიანი ორკეპი ჯოხით წურავს ტომრიდან თაფლს.” თაფლი ჩამოიწურება ტომრიდან, დარჩება მხოლოდ მარტო ფიჭა, რომელსაც გობზე გადმოყრიან. ამ ფიჭა ადუღებენ, გადმოასხამენ ისევ გობზე და ,,გოგორა ამთელს (სანთელს) ამოიღებენ, მრგვალს.”
თავზე მორთული მასა სუფთა სანთელია, ჭუჭყი ქვეშ დარჩება. ,,გობზე მიერთმევს სანთელს.” მიერთმევს ნიშნავს მოიდგამს, ზემოთ ამოიყვანს.
გოგორა აქ ნახმარია დიდის მნიშვნელობით.
სანთელს საბოლოოდ სალამაზოდ გადაადნობენ აღმართ კარდალაში. ამ ბოლო მოქმედების შემდეგ მას ზედაპირი სრიალა უხდებოდა და თავისით გადმოსრიალდებოდა ჭურჭლიდან. ,,მერე კიდევ გადავადნობთ სალამაზოდ”. ,,კარდალი მომცრო ქვაბი”.(ქეგლ) ,,კარდალა- იგივეა რაც, კარდალი(ქეგლ) ,,კარდალი ბერძნ მომცრო ქვაბი, ქვაბქოთანაა”(ნ. ჩუბ დ. ჩუბ);
,,მერე გადავადნობთ აღმართ კარდალაში.”
,,გამოღებულ სარანჯის ნაწილს სტუმრისთვის-გამოუწურავს შევინახავდით ხოლო დანარჩენს ჩავყრიდით დიდი კარდილაში(მომცრო ქვაბი)’’ (შინამრეწვ. ტ.IV ნაწII გვ.30).

3 comments:

tamriko chkheidze said...

mogesalmebit 207-e sajaro skolidan.
arachveulebrivi proeqtia zalian saintereso bavshvebistvis da didebistvisac.
me vmushaob unescos memkvidreobaze dtxovt gamomexmaurot.
madlobt.
www.unescochkheidze.blogspot.com

tamriko chkheidze said...

mogesalmebit 207-e sajaro skolidan.
arachveulebrivi proeqtia zalian saintereso bavshvebistvis da didebistvisac.
me vmushaob unescos memkvidreobaze dtxovt gamomexmaurot.
madlobt.
www.unescochkheidze.blogspot.com

მე-13 სკ.ICT.მენეჯერი მაია ბარამიძე said...

nino saintereso masalaa. didi madloba vinc miigo monawileoba am blogis sheqmnashi. kargi gogoebi xart.